დანიელი ჰომოსექსუალები უკვე ნახევარი წლის შემდეგ შეძლებენ, რომ ჯვარი დაიწერონ ეკლესიაში, თუკი შესაბამის კანონპროექტს ქვეყნის პარლამენტი დაამტკიცებს, რის შესახებაც ამ კვირაში განაცხადა ეკლესიის საქმეთა სამინისტრომ. ამის შესახებ იტყობინება Radio France Internationale. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დღეებში იქნება შეტანილი პარლამენტში განსახილველად. „დანიური ეკლესიის ყველა მიმდევარს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ჯვარი დაიწეროს მისი ორიენტაციის მიუხედავად“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

„ჩვენ ველით, რომ პირველი საეკლესიო ქორწინება უკვე მომავალი წლის ზაფხულში შედგება“, – განაცხადა დანიის პროტესტანტული ეკლესიის გაზეთის მთავარმა რედაქტორმა აგარდ პეტერსენმა. მისი აზრით, კანონის მიღებას დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება. კანონის მიღების შემთხვევაში პასტორები ვალდებულნი არ იქნებიან, რომ აუცილებლად ჩაატარონ ჯვრისწერა, მაგრამ აქტივისტები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.

„თუკი ერთი სასულიერო პირი უარს იტყვის, გამოჩნდება მეორე, ვინც დათანხმდება ჯვრისწერას“, – თქვა პეტერსონმა.

დანია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1989 წლის 1 ოქტომბერს მოახდინა ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია.

0

Post Navigation